ფეხბურთი

0:56 | 3.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფარერების "კლაკსვიკი" ჩემპიონთა ლიგის მესამე წრეშია, ლიეტუვის ჩემპიონს "გალათასარაიმ" ძლივს მოუგო

ფარერების ჩემპიონი „კლაკსვიკი“, რომელმაც ცოტა ხნის წინ „დინამო თბილისს“ 6:1 მოუგო, ისტორიის წერას აგრძელებს. ფარერების კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ორი ეტაპი გადალახა.

პირველ წრეში უნგრული „ფერენცვაროში“ დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 3:0, ხოლო ახლა მის გზას შვედეთის ჩემპიონი „ჰაკენიც“ გაუყენა. ფარარებზე მატჩი 0:0 დასრულდა, შვედეთში კი - 3:3. პენალტების სერიაში „კლასკვიკის“ ფეხბურთელები და მეკარე უფრო ყოჩაღები აღმოჩნდნენ, 4:3 მოიგეს და ფარარების ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, რითაც ყველაზე ცუდ შემთხვევაში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა. სხვათა შორის, „კლაკსვიკი“ არც მომდევნო წრეში ჩანს განწირული, რადგან ნორვეგიულ „მიოლდესთან“ უშანსოდ ნამდვილად არ უნდა იყოს.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა დანიის ჩემპიონი „კოპენჰაგენი“, რომელმაც ისლანდიური „ბრეიდაბლიკი“ შინ 6:3, ორი მატჩის ჯამში კი 8:3 დაამარცხა. დავით ხოჭოლავას არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია.

სტამბოლის „გალათასარაიმ“ გაჭირვებით აჯობა ლიეტუვის ჩემპიონ „ჟალგირისს“, რომელთანაც სტუმრად 2:2 ჰქონდა ნათამაშები, შინ კი დრის მერტენსის კინკილა გოლით მოიგო, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

ჰაიფას „მაკაბიმ“ ტირასპოლის „შერიფთან“ სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ, შინ დამატებით დროში 4:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზეა. ისრაელის ჩემპიონი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას „სლოვანს“ შეხვდება.

ასპარეზობას გამოეთიშა ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“, რომელიც პოლონეთის ჩემპიონ „რაკუვთან“ ფრეს დასჯერდა (1:1), მაგრამ სტუმრად 2:3 ჰქონდა წაგებული და ევროპა ლიგაზე გადაერთო. გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.

„დინამო თბილისის“ მძლეველი „ასტანა“ „დინამო ზაგრებთან“ მეორე მატჩშიც დამარცხდა საკუთარ მოედანზე 0:2 და ორი მატჩის ჯამში 0:6 დამარცხა. თუმცა, ყაზახეთის ჩემპიონი ევროპა ლიგაზე გადაერთვება.

ნორვეგიის ჩემპიონმა „მიოლდემ“ ფინური „ჰიკი“ 2:0 დაამარცხა, რაც საკმარისი გამოდგა, რადგან სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული. შესაბამისად, ნორვეგიის ჩემპიონი მესამე წრეშია.

ჟენევის „სერვეტმა“ ბელგიურ „გენკს“ აჯობა. ერთი კვირის წინ შვეიცარიაში 1:1 ითამაშეს მათ, ბელგიაში კი 2:2 დაფიქსირდა, ხოლო პენალტების სერიაში ჟენეველებმა 4:1 მოიგეს. შვეიცარიელთა გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ მესამე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ.

ბოლოსკენ შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს უარეს შემთხვევაში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ასეთია:

ჩემპიონთა გზა

„რაკუვი“ (პოლონეთი) – „არისი“ (კვიპროსი)

„სლოვანი“ (სლოვაკეთი) – „მაკაბი“ (ისრაელი)

აეკ (საბერძნეთი) – „დინამო“ (ხორვატია)

„ოლიმპია“ (სლოვენია) – „გალათასარაი“ (თურქეთი)

„კოპენჰაგენი“ (დანია) – „სპარტა“ (ჩეხეთი)

„კლაკსვიკი“ (ფარარები) – „მიოლდე“ (ნორვეგია)

ჩვეულებრივი გზა

„ბრაგა“ (პორტუგალია) – „ბაჩკა ტოპოლა“ (სერბეთი)

„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „სერვეტი“ (შვეიცარია)

„პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი) – „მარსელი“ (საფრანგეთი)

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) – „შტურმი“ (ავსტრია)

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8/9 და 14/15 აგვისტოს გაიმართება.

0.117733