კალათბურთი

22:49 | 1.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან ბოლო წამზე დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვის ნაკრებთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და დრამატულ ბრძოლაში, 102:104 დამარცხდა.

ილიას ზუროსის გუნდმა ბოლო წამზე წააგო, პირდაპირი მნიშვნელობით, ბურთი კალათში მაშინ ჩაეშვა, როცა სათამაშო დრო ამოიწურა. არადა, საქართველოს ნაკრები სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქეს 17 ქულით ჩამორჩა და ბოლო მეოთხედის წინ თითქოს უიმედო ვითარებაში იყო.

თუმცა, დასკვნითი ათწუთეული ქართველმა კალათბურთელებმა უბრალოდ დიდებულად ჩაატარეს, მეთოდურად შეამცირეს სხვაობა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 24 წამით ადრე ანგარიში სულაც გაათანაბრეს - 102:102!

ლიეტუვას ბურთი ჰქონდა და 24 წამი. ზუროსმა და მისმა შტაბმა გადაწყვიტეს ჯარიმა არ აეღოთ და თავის დაცვაზე ეთამაშათ, რამაც არ გაამართლა. მართალია, ლიეტუელთა პირველი ტყორცა არაზუსტი გამოდგა, მაგრამ ფარზე ითამაშეს დამატებაზე და გადამწყვეტი ორი ქულა საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდეს…

მატჩი ამხანაგური იყო, შესაბამისად, შედეგს პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამზე წაგება, მით უფრო, მსგავსი სცენარით მიმდინარე შეხვედრაში, ძალიან გულდასაწყვეტია. ნაკრებმა შეტევაში კარგად ითამაშა, მაგრამ დაცვაში ბევრი რამაა გამოსასწორებელი.

საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 30 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 19 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 18 ქულა 3 მოხსნა და 2 პასი თად მაკფადენს, ხოლო გიორგი შერმადინმა გუნდს ასევე 18 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი შესძინა.

ლიეტუველთა შორის იონას ვალანჩუნასი გამოირჩა 21 ქულით, 8 მოხსნთ და 6 პასით, ხოლო როკას იოკუბაიტისმა 19 ქულა და 6 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 აგვისტოს, რიგაში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ლიეტუვა - საქართველო 104:102 (25:17, 26:19, 31:29, 22:37)

0.126168