მიუნხენის „ბაიერნში“ მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვერ მიიღეს. მანუელ ნოიერი ისევ ტრავმირებულია და სავარაუდოდ სეზონის სტარტს გამოტოვებს, ხოლო იან ზომერს წასვლა სურს.
ამიტომაც, მიუნხენელები ეძებენ მეკარეს, რომელიც ნოიერს დაბრუნებამდე შეცვლის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასიც - გერმანელებს მეკარის სანაცვლოდ ამჟამად დიდი თანხის გადახდა არ სურთ.
საყურადღებო იყო კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრის, ული ჰიონესის განცხადება: „ერთადერთი რაც არ უნდა გავაკეთოთ, ეს მანუელ ნოიერის წნეხის ქვეშ მოქცევაა. მას არ უნდა იგრძნოს ზეწოლა, რომ პირველივე მატჩში ითამაშოს ან ძვირადღირებული მეკარის მოსვლით შეექმნას ეს დისკომფორტი“.
მოკლედ, „ბაიერნს“ შუალედური გამოსავლის პოვნა მოუწევს. კლუბის სიაში რჩება გიორგი მამარდაშვილი, მაგრამ ის დაახლოებით 25-30 მილიონი ღირს, ხოლო კიდევ ერთი კანდიდატი დავიდ რაია, 35 მილიონამდე ფასობს. ორივე ფასი „ბაიერნისთვის“ მიუღებელია.
ამის ფონზე Bild-ი წერს, რომ ბავარიელთათვის ყველაზე მისაღები კანდიდატურა „სევილიას“ კარის დარაჯი იასინ ბონოა. ის მხოლოდ 12 მილიონი ღირს, თანაც ძალიან გამოცდილია, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ფეხბურთში და რაც მთავარია, მაღალ დონეზე თამაშობს. შესაბამისად, გერმანული გამოცემის ვარაუდით, სწორედ მაროკოელია ამჟამად მიუნხენელთა მთავარი არჩევანი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ბაიერნს“ კარგა ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო დროს ქართველმა უკანა პლანზე გადაიწია.