სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:05 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ფან-კლუბი გეგუჩაძის წინააღმდეგ: მხარეები დათმობას არ აპირებენ

„დინამო ბათუმის“ ფან-კლუბი გია გეგუჩაძის წინააღმდეგაა და პროტესტის ნიშნად, სანამ ის მათ საყვარელ გუნდში იმუშავებს, ისინი თამაშებს არ დაესწრებიან.

ამის შესახებ განცხადება „პირატებმა“ მას მერე გააკეთეს, რაც გუშინ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ამ ეტაპზე მწვრთნელის ცვლილება გამორიცხა.

"პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვინაიდან და რადგანაც დინამო ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო ჩვენი აზრით გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა, ტირანასთან მატჩის შემდგომ, მეორე დღესვე გავმართეთ. მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.

2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა - პირატები ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ - თუ კი ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ - პირატების ატრიბუტიკის გარეშე!“, - ნათქვამია ფან-კლუბის განცხადებაში.

ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა „დინამო ბათუმმა“. როგორც ჩანს, უკან დახევას არცერთი მხარე აპირებს:

„თავს ვალდებულად მივიჩნევთ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ჩვენი ფანკლუბის - შავი ზღვის პირატების მიერ გაკეთებულ განცხადებას დინამოს მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას რაზეც ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.

კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად მივიღეთ მხოლოდ ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც ჩვენი აზრით კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ფანკლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტის და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არ გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.

კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ“, - წერს „დინამო ბათუმის“ საიტი.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში 19 ტურის შემდეგ ლიდერია და უახლოეს მდევარ „სამგურალს“ 4 ქულით უსწრებს. კონფერენს ლიგას კი „ტირანასთან“ მარცხის (1:1, 1:2) შედეგად გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113888