სხვა

12:38 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მათე გველესიანმა საქართველოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი მოუპოვა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს კვლავ გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმა და ამჯერადაც "ლუკნას" დარბაზში, სადაც ძიუდოისტი მათე გველესიანი (-66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა. ეს უკვე მესამე უმაღლესი ჯილდოა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის.

მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. ორ-ორი ვაზარით მოუგო პოლონელ და სლოვაკ მეტოქეებს, თითო ვაზარით დაამარცხა ჩეხი და აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეებიც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ხორვატი ლუკა კატიჩი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გავიდა, გველესიანს წმინდა გამარჯვება ჩაეთვალა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც ავიდა.

მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო თორნიკე გიგაურიც (-60 კგ), მაგრამ ბრინჯაოს ფინალში აზერბაიჯანელ მაჰამად მუსაიევთან ორი ვაზარით დამარცხდა. პირველივე წრეში დამარცხდა გოგონათა ნაკრების წევრი თამარ გიგოლაევი (-48 კგ).

მოცურავე ანა ნიჟარაძე 100 მეტრზე ბატერფლაით საკვალიფიკაციო გაცურვით (01.03, 28) ნახევარფინალში გავიდა, შემდეგ კი უკეთესი შედეგით (01.02,57) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ტანმოვარჯიშე თინათინ ტყემალაძემ, მრავალჭიდში - (ბჯენითი ხტომა, ორძელი, დვირი და თავისუფალი ვარჯიში) 29.150 ქულა დააგროვა. შესამაბისად ფინალში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

ველოსპორტში (სამთო) 28-ე შედეგით დაასრულა გამოსვლა გიორგი სულხანიშვილმა.

სკეიტბორდში იასპარეზა პეტრე ბუნტურმა, სამწუხაროდ ფინალში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

geonoc.org.ge

0.120885