„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და ფეხბურთელებმა, გიორგი ხარაიშვილმა და ნიკა მალიმ „ჰამრუნთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთეს.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „ვემზადებით, ყველა ფეხბურთელია, ვინც აქ არის, ჯანმრთელადაა. ვფიქრობ, რომ კარგი განწყობაა, მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ და ისე ვითამაშებთ, როგორც დაგეგმილი გვაქვს. აუცილებლად თბილისში გადაწყდება, თუ ვინ გავა ამ წყვილიდან“
გიორგი ხარაიშვილი: „ჩემი აზრით, რთული თამაში გვექნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ სტუმრად ვთამაშობთ, შემდეგ იმიტომ, რომ ძალიან მობილური გუნდია, ბევრს დარბიან, ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები. არ იქნება ადვილი თამაში, მაგრამ შევისწავლეთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, რთული იყო ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და მეორე დღესვე გადავერთეთ ამ თამაშისთვის“.
ნიკა მალი: „ვფიქრობ, რომ რთული თამაში იქნება. შევისწავლეთ მეტოქე, ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა“ და „ჰამრუნის“ მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.