„უოტფორდს“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ეს პრაქტიკულად ფორმალობაა.
გიორგიმ პარასკევს გაიარა სამედიცინო შემოწმება და ერთწლიან საიჯარო კონტრაქტს ხელიც მოეწერა. ინგლისური კლუბი ბოლო დოკუმენტებს ელოდება, რათა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტუროს.
ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ეს იჯარა ინგლისელებს 2 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო მის გამოსყიდვას თუ გადაწყვეტენ, „გენტისთვის“ დამატებით თანხის გადახდაც მოუწევთ. „უოტფორდს“ ჩაკვეს გამოსყიდვის უფლება სეზონის ბოლოს ექნება.
„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში გამოდის, სადაც სეზონს 5 აგვისტოს, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩით გახსნის. „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან ისმაელია, რომელიც ვილი სანიოლის თანაგუნდელი იყო.
გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა. ბელგიელებს ის იჯარით „ჰამბურგში“ ჰყავდათ განათხოვრებული, ხოლო გასული სეზონი ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა და 9 საგოლე პასი გააკეთა, საქართველოს ნაკრების რიგებში კი 15 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.