ფეხბურთი

0:24 | 24.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კორეული ვარიანტი ჩაიშალა და ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" რჩება

„კარლსრუეს“ ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით აღარ დატოვებს. გერმანული მედიის ცნობით, სამხრეთ კორეულ კლუბთან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ზივზივაძემ 22 ივლისს, „დარმშტადთან“ ამხანაგურ მატჩში ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, Bnn.de წერს, რომ ეს ბუდუს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო „კარლსრუეს“ მაისურით, რაც თვითონაც აღნიშნა და მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმაც.

წყაროს თანახმად, სუპერწინადადება წარსულია და ზივზივაძე ახლა მხოლოდ „კარლსრუეზეა“ კონცენტრირებული. თავის მხრივ Kicker-ი იტყობინება, რომ „შტუტგარის“ თავდამსხმელის ხუან პერეას „კარლსრუეში“ ტრანსფერი აღარ შედგება, რადგან ზივზივაძის გუნდიდან წასვლა ჩაიშალა.

ამრიგად, 29 წლის ფორვარდი, რომელსაც გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, მომდევნო სეზონსაც „კარლსრუეში“ გაატარებს. კრისტიან აიხნერის გუნდი II ბუნდესლიგის პირველ ტურში 29 ივლისს, სტუმრად „ოსნაბრუკს“ შეხვდება.

0.113793