„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი აუცილებლად დაიმატებს კიმ მინ-ჯეს შემცვლელს, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა რთულია.
„მშიერი გუნდი მჭირდება, რისი იმედიც მაქვს. ჩემი მოვალეობა იქნება გავაგებინო მათ, რომ არავინ უნდა მოადუნოს კონცენტრაცია და გუნდისთვის ყველაფრის გაღება გააგრძელონ. გასულ სეზონში ევროთასების ყველა ფინალში იტალიური გუნდი იყო, ეს ნიშნავს, რომ იტალიაში მაღალი დონე დაბრუნდა, ჩვენ კი აქ საუკეთესო გუნდი ვართ და ჩვენი მიზანია, რომ დავრჩეთ იმ დონეზე, რა დონეც გუნდმა გასულ სეზონში აჩვენა.
ვიქტორს ვესაუბრე, ის ბედნიერია და ვიცი, რომ დარჩენა სურს. მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ყველა მშვიდად ვართ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთანაა. იმედი გვაქვს, დარჩება, მაგრამ ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს.
კიმის შემცვლელი? ერთადერთი, რაც ახლა დაზუსტებით ვიცით, ისაა, რომ ცენტრალური მცველი უნდა ვნახოთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერ არავინ მოსულა. არ არის ადვილი სიტუაცია, ბაზარზე მარტივად მუშაობა რთულია. მთავარია, რომ ვიღაც მოვა და თუ ეს მალე არ მოხდება, მყავს 3 ცენტრალური მცველი, ჩვენ კი 2 ცენტრალური მცველით ვთამაშობთ.
გუნდი კარგად ვარჯიშობს და კარგად ემზადება სეზონისთვის, რომელიც ძალიან მალე დაიწყება. მას მერე, რაც ჩემს განკარგულებაში სრული შემადგენლობაა, ხარისხი გაიზარდა. ვხედავ, რომ ფეხბურთელები სწრაფად ხვდებიან რას ვითხოვ მათგან და როგორი მოლოდინები მაქვს“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 24 ივლისს, ამხანაგურ მატჩს „სპალთან“ გამართავს, მერე კი კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებს, სადაც კიდევ 4 სპარინგს ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, „ფროზინონეს“ ესტუმრება, რომლის რიგებში გიორგი კვერნაძე თამაშობს.