ფეხბურთი

14:14 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისურ „უოტფორდს“ შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, შესაბამისად, 24 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონს იჯარით ინგლისის ჩემპიონშიფში გაატარებს.

რამდენიმე დღის წინ ჩაკვეტაძე ახლოს იყო ფრანგულ „მეცში“ გადასვლასთან, მაგრამ ფრანგებმა მოსაფიქრებლად დრო მოითხოვეს, ყოყმანის გამო კი გიორგიმ "მეცს" ინგლისური კლუბის პროექტი ამჯობინა. ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, თუმცა, ინგლისელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. გიორგი ინგლისელთა ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

ქართველი უოტფორდელთა მეოთხე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტომ ინსის, რის ჰილის და ჯეკ ლივერმორის შემდეგ. „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში გამოდის, სადაც სეზონს 5 აგვისტოს, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩით გახსნის. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან ისმაელია.

გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ 81 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა. ბელგიელებს ის იჯარით „ჰამბურგში“ ჰყავდათ განათხოვრებული, ხოლო გასული სეზონი ბრატისლავის „სლოვანში“ გაატარა, სადაც 47 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა და 9 საგოლე პასი გააკეთა, საქართველოს ნაკრების რიგებში კი 15 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.122023