ფეხბურთი

2:45 | 21.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გერმანული მედია: "ბაიერნში" მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხა, ეს გადაწყვეტილია

მიუნხენის „ბაიერნში“ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხა. ამის შესახებ Sky Germany და ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერენ.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები იყო, მაგრამ არასდროს შესულა გადამწყვეტ ფაზაში. „ბაიერნში“ მიიჩნევენ, რომ გიორგი ძალიან ძვირი ღირს და მეკარეში 30 მილიონის გადახდას არ აპირებენ. შესაბამისად, გერმანული მედიის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ მამარდაშვილს „ბაიერნი“ არ იყიდის.

ქართველის ტრანსფერის გამორიცხვით კი იან ზომერს ჯერ წასვლის უფლებას არ აძლევენ და ის ისევ რჩება „რეკორდმაისტერში“. შვეიცარიელის შეძენა „ინტერს“ სურს, ფეხბურთელსაც წასვლა უნდა, მაგრამ სანამ მიუნხენელები მის შემცვლელს არ იპოვიან, მანამდე იანს დარჩენა მოუწევს.

„ინტერი“ კი ახალ მეკარეს ეძებს, რადგან ანდრე ონანა „მანჩესტერში“ გადავიდა, სამირ ჰანდანოვიჩმაც გუნდი დატოვა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი „ნერაძურის“ სიაში იყო. Calciomercato-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ქართველის ფასი მაღალია, შეიძლება მილანელები მის ტრანსფერს მიუბრუნდნენ, რადგან ზომერს „ბაიერნი“ აფერხებს.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მინიმუმ 30 მილიონს ითხოვს. „ღამურებთან“ გიორგის კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მან „ვალენსიას“ რიგებში გასულ სეზონში ყველა მატჩი ჩაატარა, მათ შორის, ლა ლიგაში 38-ვე შეუცვლელად.

0.116973