„დინამო ბათუმი“ კონფერენს ლიგას და ევროტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა, ალბანური „ტირანას“ წინააღმდეგ.
ერთი კვირის წინ აჭარლები სტუმრად იგებდნენ და ბოლო წუთებზე გაუშვეს გოლი, ხოლო ამჯერად შინ საერთოდ წააგეს. პირველ ტაიმში „დინამო ბათუმს“ ძალიან გაუჭირდა, გააზრებული შეტევაც უჭირდა, 28-ე წუთზე კი გოლი გაუშვა. რეგი ლუშკამ ალბანელთა შესანიშნავი კომბინაცია დაასრულა გოლით.
მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდი გააქტიურდა, რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. მაგალითად, გიორგი ზარიას შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა, ცოტა ხანში კი გიორგი წიტაიშვილმა ძელი შეაზანზარა. მერე იყო ზარიას კიდევ ერთი კარგი შანსი. და, მაშინ, როცა თითქოს ბათუმელთა გოლი მწიფდებოდა, სტუმრებმა მეორე გაიტანეს. არდიტ დელიუმ მცველების პასიურობით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ეს უკვე ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავარდნას ნიშნავდა.
ბათუმელებს მალევე შეეძლოთ ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ მათე ვაწაძემ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, გაიტანა თორნიკე კაპანაძემ, რომელმაც ჩამორჩენა შეამცირა. „დინამოს“ დაახლოებით 10 წუთი ჰქონდა მეორე გოლის გასატანად და თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად, მაგრამ „ტირანამ“ თავი კარგად დაიცვა, მატჩი 2:1 და ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგო.
ამრიგად, „ტირანა“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმისთვის“ ევროსეზონი დასრულებულია.
„დინამო ბათუმი“ – „ტირანა“ 1:2 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 2:3
ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“
„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): ჩიჩკანი; მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი (რეხვიაშვილი 9), გიორბელიძე; ტეიდი (კაპანაძე 81), ლიტვინენკო (ჩაბრაძე 57); წიტაიშვილი ღუდუშაური 81), ზარია, ბიძინაშვილი (ვაწაძე 46); ჯოვინო
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„ტირანა“ (4-4-2): სელმანი; ნაიდოვსკი, ჰოქსალარი, დოკა, პერგიონი; ლატიფი (ჰაქსიუ 67), ლუშკა (დელიუ 73), იონუზი, ჰილა; ჰასანი, აბაზაი (ლულაი 84)
მწვრთნელი: ორგეს შეჰი
გოლები: 0:1 ლუშკა (28), 0:2 დელიუ (79), 1:2 კაპანაძე (90)
გაფრთხილება: ტეიდი (62) - ჰილა (60), დელიუ (80), დოკა (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 5 (5) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: ფაბიო მარესკა (იტალია)