ფეხბურთი

1:34 | 20.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სარაევოს" მწვრთნელი: "პირველ მატჩში ვაჩვენეთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია"

„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირზა ვარეშანოვიჩმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბოსნიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მის გუნდს შეუძლია ამ ბარიერის გადალახვა.

„ძალიან კარგ მეტოქეს ვეთამაშებით, რომელსაც აქვს გამოცდილება, თამაშის ორგანიზება და ძალიან კარგი და სახიფათო ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, პირველივე მატჩში ვაჩვენეთ, რომ ასეთ გუნდებს შეგვიძლია გავუმკლავდეთ, განსაკუთრებით 30 წუთი იყო კარგი, სადაც იღბალი რომ გვქონოდა, ყველაფრის გადაწყვეტა შეგვეძლო. ეს ვერ გავაკეთეთ, მაგრამ იმედია, ამჯერად გავაკეთებთ.

პირველ მატჩში ტაქტიკის შეცვლით ორი გოლი გავიტანეთ, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ტაქტიკით გვაჯობეს, ვერ დავეთანხმები მათ მწვრთნელს, არ ვიცი, რას გულისხმობს. გვაქვს ჩვენი თამაშის გეგმა, რომელიც ვაჩვენეთ, 30 წუთში ორჯერ ძელს გავარტყით ბურთი, 5-ჯერ კუთხური ჩავაწოდეთ. პირველი გოლი არაფრისგან გავუშვით, ჩვენი ფეხბურთელები არ იდგნენ იქ, სადაც უნდა იდგნენ, მერე მენტალურად ძნელი იყო დაბრუნება, მაგრამ ეს ორჯერ გავაკეთეთ და ეს არის „სარაევოს“ სიძლიერე.

90 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით. სოლდო ვერ ითამაშებს, რადგან სიცხე ჰქონდა და არ უვარჯიშია, შერბეჩიჩი და ავრომოვსკი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. მულალიჩი ტრავმირებულია და მისი იმედი ვერ გვექნება. იმედი მაქვს, რომ ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება და მოთამაშეებიც რეაგირებას სწორად მოახდენენ“, - თქვა ვარეშანოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა.

0.109883