ფეხბურთი

23:15 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ასეთ დონეზე ერთი წუთიც გადამწყვეტია, გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „ასტანასთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართულ გუნდებს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ აქვთ.

„ვფიქრობ, რომ ორი თანაბარი გუნდი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ან ჩვენ, ან მეტოქე უკეთესი გუნდი იყო. ასეთ ტურნირზე ძალიან დიდ როლს თამაშობს ერთი წუთიც კი, ჩვენ კი ერთი წუთი კონცენტრაცია დავკარგეთ და თამაში წავაგეთ. ეს გუნდი ახალგაზრდაა და რაღაც დაგვაკლდა. თუ სხვაგან შეიძლება კონცენტრაცია დაკარგო და მეტოქე გაპატიებს, ასეთ დონეზე არ გპატიობს. პირველი თამაშიც ზუსტად ანალოგიური იყო. დღეს უფრო ჩანდა, რომ შეგიძლია თამაში, მაგრამ რაღაც გაკლია და შეიძლება ერთ წუთში დათმო ყველაფერი.

მარუშიჩი იმიტომ მოვიყვანეთ გუნდში, რომ ცენტრფორვარდია. არ მინდა იმაზე საუბარი, ვინ დაგვაკლდა, ვინ, როგორ ითამაშა. ბევრი რაღაც დაგვაკლდა, მათ შორის ესეც. თუმცა, მთავარი იყო კონცენტრაციის დაკარგვა, შეცდომები დავუშვით და ეს ტურნირი მსგავს რაღაცებს არ გპატიობს. გადავერთვებით კონფერენს ლიგაზე და ვეცდებით, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ერთი წელია ვმუშაობთ და ვფიქრობ, ბევრი რაღაც შევძელით, ბევრი რაღაც ვერ შევძელით, ამიტომ ამას დრო სჭირდება ამ ყველაფერს და მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა.

პირველად არ ვამბობ ამას: გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გვაქვს, შეგვიძლია ხელიდან მარტივად გავუშვათ ის, რასაც მოვიპოვებთ. ეს არ არის ერთდღიანი პრობლემა, არც ჩემს გუნდში და არც მთლიანად ქართულ ფეხბურთში. ახლა უნდა ვიმუშაო ფსიქოლოგიურად, რომ კონფერენს ლიგის მატჩს კარგ განწყობაზე შეხვდნენ ფეხბურთელები, რადგან ახლა ძალიან დათრგუნულები არიან“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „ჰამრუნს“ დაუპირისპირდება.

0.115935