ფეხბურთი

21:47 | 18.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ასტანას" მწვრთნელი: "სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მზად ვართ"

ყაზახური „ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა „დინამო თბილისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, შანსი ისევ თანაბარია, მაგრამ „დინამოს“ გულშემატკივრის უპირატესობა აქვს.

„არ გვექნება საშინაო კედლების უპირატესობა, პირველი მატჩის გაანალიზების შემდეგ ვიმუშავეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ. მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის და გავახაროთ გულშემატკივარი.

შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. ვნახოთ, ვის შეუძლია თამაში, მაგრამ ცვლილებები იქნება. როგორც პირველად მატჩმა აჩვენა დაბალანსებულად უნდა ვითამაშოთ, ფლანგებიდანაც და ცენტრიდანაც. პირველ ტაიმში ბალანსი გვქონდა, მეორე ტაიმში გარკვეული მომენტები შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში „დინამოს“ უპირატესობა ჰქონდა. მთავარია, თავს როგორ დავიცავთ, როცა „დინამოს“ ბურთი ექნება. ყველა ფაზაში სწორად უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ ვცდილობთ. ყოველთვის შეტევა გვსურს, თუმცა ბალანსი არ უნდა დავარღვიოთ, რათა კონტრშეტევები არ მივიღო. ვიცით, რომ სერიოზული მეტოქე გვაქვს, 200% უნდა გავითო და ორგანიზებულად ვითამაშოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთმანეთისთვის ითამაშოს, ერთი ფეხბურთელიც კი თუ ყველაფერს არ გაიღებს, ამით გუნდი დაზარალდება.

ვფიქრობ, შანსი ისევ 50-50%-ზეა, მაგრამ მასპინძლებს გულშემატკივრის სახით უპირატესობა აქვთ. თუმცა, ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოცდილებასთან ერთად მოდის. გუნდს უნდა შეეძლოს მუდმივად გამარჯვება, თუნდაც არა საუკეთესო მატჩებში. ამისთვის ფსიქოლოგიურად მუშაობაა საჭირო, არა მხოლოდ ფიზიკურად. ამასთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს. ასეთი დიდი მატჩი ამ სეზონში არ გვქონია, ყაზახეთის ჩემპიონატი ოდნავ განსხვავებული დონეა. შეიძლება საკმარისი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ამ გზას უნდა მივყვეთ, მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების გამოტანა და განვითარება.

„დინამო“ ბურთს ძალიან კარგად ფლობს. ძნელი შესაფასებელია, მაგრამ ვფიქრობ, „დინამო“ ყაზახეთის ჩემპიონატში რომ თამაშობდეს, სამეულში იქნებოდა. ჯგუფურ ეტაპზე თუ გავალთ, პრემიები დაწესებულია, არსებობს ბონუსები ინდივიდუალური მატჩებისთვისაც, მაგრამ „დინამო თბილისთან“ გამარჯვებისთვის ცალკე ბონუსები არ არის დაწესებული“, - თქვა ბაბაიანმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ყაზახეთში 1:1 დასრულდა, ხოლო ამჯერად გუნდები „დინამო არენაზე“ 19 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.124983