„რივერ პლეიტის“ ფეხბურთელ ელიას გომესს საჩემპიონო სიხარული კოშმარად ექცა. არგენტინელს, რომელიც ორი დღის წინ „რივერის“ რიგებში არგენტინის ჩემპიონი გახდა, დედა და და გარდაეცვალა.
ისინი ავტოკატასტროფაში მოხვდნენ. ტრაგედია მაგისტრალზე მოხდა, რომელიც ერთმანეთს აკავშირებს ბუენოს აირესს, კორდობასა და როსარიოს. ფეხბურთელის დედა, ძუნილდა 66 წლის იყო, ხოლო და მელანი 25 წლის. როგორც ირკვევა, მათ ავტომობილს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რომლის მძღოლი მსუბუქად დაშავდა და დააკავეს, რადგან ავარიაში დამნაშავე ის იყო. „რივერ პლეიტმა“ გომესს სამძიმარი გამოუცხადა:
„ვუთანაგრძნობთ ჩვენს ფეხბურთელ ელიას გომეს მწუხარებას უბედური ამბის გამო, რაც უკავშირდება დედის ძუნილდასა და დის, მელანის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.