ჩოგბურთი

22:06 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის ალკარასმა ჯოკოვიჩის წაუგებელი სერია დაასრულა და უიმბლდონის ჩემპიონია!

კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი შეაჩერა და უიმბლდონის ჩემპიონია! 20 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა დრამატულ ფინალში ლეგენდარული სერბის დამარცხება მოახერხა.

არადა, ნოლემ ძალიან მაგრად და დამაჯერებლად დაიწყო, რადგან პირველივე სეტში მეტოქეს 6:1 აჯობა. თუმცა, ესპანელმა ამის შემდეგ საერთოდ არაფერი დათმო, უმეტეს წილად კი ლეგენდარულ მეტოქეზე უკეთაც გამოიყურებოდა. მეორე სეტში დიდი ბრძოლა იყო, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც კარლოსმა ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში უკვე ესპანელი ერთი თავით მაღლა იდგა და 6:1 იმარჯვა, შესაბამისად, დაწინაურდა. თუმცა, სწორედ ამ სეტში იყო ეპიკური გეიმი, რომელიც 26 წუთი (!) გაგრძელდა. უჩვეულოდ ხანგრძლივი გეიმი კარლოსმა სათავისოდ დაასრულა. ჯოკოვიჩმა ზედიზედ ორი სეტის წაგების მერე შეძლო თამაშში დაბრუნება, მეოთხე სეტში პრობლემა არ ჰქონია - 6:3.

მეხუთე და გადამწყვეტი სეტი კი კარლოს ალკარასმა 6:4 მოიგო. ესპანელს საკუთარ ჩაწოდებაზე პრობლემა არ ჰქონია, ყველაფერი კი მესამე გეიმში მის მიერ შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა. ნოვაკმა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა და უიმბლდონზე ზედიზედ მეხუთე ფინალი ვეღარ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა უიმბლდონზე შეხვედრა ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად წააგო, ხოლო უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე კი ბოლოს სულაც 10 წლის იყო დამარცხებული (ენდი მარეის წინააღმდეგ). შედეგად, როჯერ ფედერერის რეკორდი (8 ტიტული ამ შეჯიბრზე) ვერ გაიმეორა.

კარლოს ალკარასმა კი კარიერაში პირველად მოიგო უიმბლდონი, ხოლო მეორედ დიდი სლემის ტურნირი (მანამდე აშშ-ს ღია პირველობა). ესპანელი ჩოგბურთის ახალი, უკვე შემდგარი ვარსკვლავია, რომელმაც თავისი ძალა ბალახზეც გამოავლინა. ნოვაკმა პირველად წააგო უიმბლდონზე შეხვედრა, რომლის პირველი სეტი მოიგო...

უიმბლდონის ფინალური შეხვედრა კი მარათონული იყო, 4 საათისა და 46 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ მისი ტრიუმფატორი კარლოს ალკარასი გახდა, 36 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩის ჩამოწერა კი ჯერ დაუშვებელია.

კარლოს ალკარასი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 3:2 (1:6, 7:6, 6:1, 3:6, 6:4)

0.131676