ჩოგბურთი

20:20 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალშია. ლეგენდარულმა სერბმა ნახევარფინალში იტალიელი იანიკ სინერი უპრობლემოდ, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ გავიდა უიმბლდონის ფინალში.

ჯოკოვიჩმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და თამაში მხოლოდ მესამე სეტში დაიძაბა, როცა იტალიელს მოგების და ბრძოლის გაგრძელების შანსი გაუჩნდა, მაგრამ „ნოლემ“ მოახერხა სიტუაციის შეცვლა და საქმის ბოლომდე მიყვანა.

სერბს მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ ორი სეტი აქვს წაგებული. ეს მის კარიერაში მეცხრე ფინალია უიმბლდონზე და წინა 8 ფინალიდან 7 მოიგო. ჯოკოვიჩს შანსი აქვს როჯერ ფედერერის მიღწევა გაიმეოროს და უიმბლდონი კარიერაში მერვედ მოიგო.

მისი მეტოქე დღეს კარლოს ალკარასისა და დანიილ მედვედევს შორის გაირკვევა, ხოლო ფინალი 16 ივლისს გაიმართება.

0.123876