პსჟ-ის მეკარე, სერხიო რიკოს, რომელიც ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფებოდა, სიკვდილამდე წამები აშორებდა. ამის შესახებ L'Equipe პარიზელთა ესპანელი მეკარის სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით იუწყება.
სერხიო რიკო ცხენიდან გადმოვარდა და თავის ტრავმა მიიღო. ის სევილიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცერებრალური სისხლდენის დიაგნოზი დაუსვეს. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, ინტენსიურ მკურნალობაში თვეზე მეტ ხანს გაატარა, მათ შორის 19 დღე კომაში იყო.
ცოტა ხნის წინათ მეკარე გონს მოეგო, დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლო და ლაპარაკი დაიწყო. The Athletic-ის ცნობით, სევილიის მკვიდრი სიკვდილის პირას იყო და ამ პერიოდში 20 კგ-ზე მეტი დაიკლო. დიდი ალბათობით, რიკო პროფესიულ ფეხბურთს ვეღარ დაუბრუნდება.