ბოსნიური „სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირზა ვარეშანოვიჩმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, იციან მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები.
„თამაშს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. მეტ-ნაკლებად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ მატჩებს ვუყურეთ და ახალ მწვრთნელზეც აქცენტი გავაკეთეთ. სლოვენიაში ძალიან ხარისხიანი შეკრება გვქონდა, ოთხი მატჩი ჩავატარეთ და ოთხივე მოვიგეთ. თავდაჯერებულები ვართ და იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ, გვინდა, რომ ევროტურნირებზე რაც შეიძლება დიდხანს შემოვრჩეთ.
სხვადასხვა ინტერესის გამო ცდილობენ ჩვენს გუნდში არეულობის შემოტანას. ყველაფერი, რაც დაწერეს, სიმართლეს არ შეესაბამება. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ კლუბში საუკეთესო ატმოსფეროა და ასეთი გარემო არ მახსოვს.
საქართველოში წამოსვლის წინ ავრამოვსკიმ მთხოვა სკოპიეში გამეშვა, რადგან პირადი პრობლემები აქვს, რაზეც დავთანხმდი. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. რაც შეეხება შერბეჩიჩისა და მულალიჩის არ ყოფნას, ისინი ჩვენთან ერთად ტრავმების გამო არ არიან“, - თქვა ვარეშანოვიჩმა.
„ტორპედოს“ მწვრთნელმა სტივ კინმა მატჩამდე მცირე კომენტარი გააკეთა: „წლების შემდეგ პირველად გვეძლევა შანსი ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და აუცილებელია გულშემატკივრის მხარდაჭერა".
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.