„დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა დავით სხირტლაძემ და ჯიმი ტაბიძემ „ასტანასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ საპასუხო თამაშის წინ უპირატესობა მოიპოვონ.
„გუნდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და ჩვენც ოპტიმალურ ფორმაში ვართ. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მზად არის, გუნდს დაეხმაროს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ კარგად თამაში, რათა საპასუხო მატჩისთვის უპირატესობა შევიქმნათ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვეცდებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, რაც შეიძლება შორს წავიდეთ“, - თქვა სხირტლაძემ.
მასთან ერთად მატჩამდე ისაუბრა ჯიმი ტაბიძემაც, რომელმაც აღნიშნა: „თამაშამდე ბოლო ვარჯიში ჩავატარეთ. რაც მთავარია, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისში სასურველი შედეგით დავბრუნდეთ“.
შეგახსენებთ, რომ „ასტანასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.