ფეხბურთი

19:58 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ასტანას" მწვრთნელი: "მნიშვნელოვანია, რომ შეტევასა და დაცვაში ბალანსი შევინარჩუნოთ"

ყაზახეთის ჩემპიონის, „ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან აღნიშნა, მეტოქე კარგად შეისწავლეს და იციან მისი ძლიერი და სუსტი მხარეებიც. ბაბაიანმა ყურადღება გაამახვილა, რომ გუნდმა შეტევასა და დაცვაში ბალანსი შეინარჩუნოს.

„ძალიან რთულ მატჩს ველით. მეტოქე შევისწავლეთ, ჩავატარეთ ღრმა ანალიზი. ეს არის გუნდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს სუპერთასი მოიგო და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, სახლში ვთამაშობთ და ქალაქში იგრძნობა თამაშამდე მღელვარება, იმედი მაქვს სტადიონი გაივსება და მეტოქეს სასიამოვნო ატმოსფეროს არ შევუქმნით. შანსები 50-50-ზეა, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და ამიტომ უნდა მოვიგოთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ შეტევაზე ვიფიქროთ, რადგან „დინამოს“ ძლიერი შემტევები ჰყავს და დაცვაში ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.

გუნდმა „ორდაბასისთან“ მატჩის შემდეგ ძალები აღიდგინა, რადგან უკვე 6 დღე გავიდა და თითქმის ყველა ფეხბურთელი მზადაა. ასეთი თამაშებისთვის გუნდი ფსიქოლოგიურად და გონებრივად მოვამზადეთ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ შეტევასა და დაცვაში ბალანსი გვექნება.

განაცხადზე ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, რომ ლონჩარი კარგ მდგომარეობაში შემოგვიერთდა. მთავარია, გუნდს სწრაფად მოერგოს, ხვალ ითამაშებს თუ არა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის. მეტოქე გავაანალიზეთ, დავინახეთ სუსტი და ძლიერი მხარეები. მეკარის პოზიციაზე ორივეს თამაშის თანაბარი შანსი აქვს. არ ვარ მომხრე, რომ მატჩის წინა დღეს შემადგენლობა დავასახელო, ხვალ შევხედავთ ვითარებას.

მეტოქის დაუფასებლობა ჩემთვის მიუღებელია. თეორია ჩავატარეთ, ფეხბურთელებმა დაინახეს მეტოქის ძლიერი მხარეები და ყველა მონდომებულია. ახალწვეულები კიდევ გვეყოლება? ლონჩარი უკვე დავიმატეთ, მაგრამ ახლა მთელი ჩვენი ფიქრები მხოლოდ ხვალინდელ მატჩზეა“, - თქვა ბაბაიანმა.

მატჩის წინ კომენტარი გააკეთა „ასტანას“ კაპიტანმა აბზალ ბეისებეკოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არცერთი მეტოქის არ ეშინიათ: „ამ თამაშს წლის დასაწყისიდან ველოდებით და გუნდი მზადაა. ორი დღის განმავლობაში შევისწავლეთ მეტოქის მატჩები. ბევრს გვაქვს ევროპული გამოცდილება და არ გვეშინია, მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ“.

შეგახსენებთ, რომ „ასტანასა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

0.11527