ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუშმა გაიხსენა პერიოდი, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ დატოვება გადაწყვიტა.
როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე პეპ გვარდიოლამ მარცხენა მცველი ოლეკსანდრ ზინჩენკო ათამაშა, თვითონ კი სათადარიგო სკამზე დატოვა.
„ყველაფერი დაკავშირებულია მატჩთან, რომელიც ჩვენ სახლში პსჟ-სთან ჩავატარეთ. გვარდიოლამ იმ თამაშში ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ზინჩენკო ათამაშა, სიგიჟე იყო. ერთი დღით ადრე, ვარჯიშზეც კი არ გამოუცდია ამ პოზიციაზე, ვარჯიშზე შეტევაში მე ვიყავი. მატჩამდე ორი საათით ადრე გვითხრა ეს, საჭმელიც არ მიჭამია, პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი, ვტიროდი, დედას დავურეკე და ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. გვარდიოლამ ფორვარდად მარცხენა მცველი ათამაშა და არა მე, მაშინ ძალიან გავბრაზდი“, - თქვა ჟეზუშმა.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ ჟეზუში „მანჩესტერ სიტიში“ 2016-2022 წლებში თამაშობდა და 236 მატჩში 95 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში „არსენალში“ 33 თამაშში თავი 11 გოლით გამოიჩინა.