ფეხბურთი

1:02 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

რა გუნდია და როგორი ისტორია აქვს "ფროზინონეს", სადაც გიორგი კვერნაძე ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე „ფროზინონეში“ გადავიდა, რომელსაც ერთიწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა.

გიორგი მეხუთე ქართველია, რომელიც იტალიის სერია A-ში ითამაშებს კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ.

„ფროზინონე“ დიდი ტრადიციებით არ გამოირჩევა და ქართველი გულშემატკივრის უმეტესობისთვის უცნობი გუნდიცაა, რომელიც სერია A-ში ისტორიაში მესამე სეზონს გაატარებს, ხოლო მანამდე ძირითადად ქვედა ლიგებში გამოდიოდა.

გასულ სეზონში ლურჯ-ყვითლებმა სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავეს. გუნდს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ფაბიო გროსო წვრთნიდა, მაგრამ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ის კიდევ ერთმა ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეცვალა, რომელიც „სასუოლოში“, „რომაში“, „კალიარისა“ და „ვერონაში“ მუშაობდა. დი ფრანჩესკოს საუკეთესო მიღწევა 2017-2018 წლების სეზონში „რომას“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაყვანაა, როდესაც მეოთხედფინალში „ბარსელონა“ საოცარი ქამბექით გააგდო (1:4, 3:0), მაგრამ მერე „ლივერპულთან“ დამარცხდა.

„ფროზინონეს“ სტირპეების ოჯახი ფლობს, კლუბის პრეზიდენტი მაურიციო სტირპეა. სტადიონი კი მამამისის, ბენიტო სტირპეს სახელობისაა. სხვათა შორის, „ფროზინონე“ იტალიაში იმ იშვიათთ გუნდებს მიეკუთვნება, რომლის საკუთრებაშია სტადიონი და არა ქალაქის მერიის. „სტადიო ბენიტო სტირპე“ 16 300 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ პრაქტიკულად ყველა თამაშზე ივსება.

„ფროზინონეს“ სადებიუტო სეზონი სერია A-ში 2015-2016 წლებში ჰქონდა, მაგრამ გავარდა. ელიტას მალევე დაუბრუნდა და 2018-2019 წლების სეზონშიც იქ ითამაშა, თუმცა, ადგილი მეორე ცდაზეც ვერ შეინარჩუნა. ამ კლუბს 11 სეზონი აქვს გატარებული სერია B-ში, სადაც პირველად 2006-2007 წლების სეზონში ითამაშა, იქამდე კი სერია C-ში (13 სეზონი), სერია D-ში (13 სეზონი), სერია C2-ში (16 სეზონი) და სამოყვარულო დონეზე გამოდიოდა.

„ფროზინონეს“ დღევანდელ შემადგენლობაში განსაკუთრებულად ცნობილ ფეხბურთელს ვერ ნახავთ. გუნდმა სერია B-ში წარმატებას ძირითადად იჯარით დამატებული მოთამაშეებით მიაღწია, რომელთაგანაც აღსანიშნავია „სასუოლოდან“ იჯარით აყვანილი მეკარე სტეფანო ტურატი, რომელიც 21-წლამდე ნაკრების წევრია. ასევე თავდამსხმელი სამუელე მულატიერი, რომელმაც გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა, მაგრამ ისიც იჯარით თამაშობდა. გუნდშია ლორენცო ინსინიეს ძმა, რობერტო ინსინიე, რომელიც შემტევი გარემარბია. აქვე უნდა ვახსენოთ, ვეტერანი მცველი ფაბიო ლუჩონი და „იუვენტუსის“ ყოფილი მარცხენა მცველი ჯანლუკა ფრაბოტა.

ერთი წლის წინ „ფროზინონემ“ ტურინის „იუვენტუსში“ გაყიდა ცენტრალური მცველი ფედერიკო გატი, რომელმაც „ბებერი ქალბატონის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაც კი მოახერხა. ამ გუნდში თამაშობდა ალესიო ძერბინიც, რომელიც გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო „ნაპოლიში“. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 68 გოლით დანიელ ჩოფანი, რომელიც შარშან „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი გახლდათ.

„ფროზინონეს“ ისტორიაში მწვრთნელებიდან ფაბიო გროსოს გარდა, გამოსარჩევია ეუჯენიო კორინი („პალერმოს“ და „კიევოს“ ყოფილი კაპიტანი), რობერტო სტელონე, პასკუალე მარინო, მარკო ბარონი და ლეგენდარული ალესანდრო ნესტა, რომელიც ამ კლუბში 2019-2021 წლებში მუშაობდა.

ქალაქი ფროზინონე, ლაციოს რეგიონში, რომის მახლობლად მდებარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო გზას რომსა და ნეაპოლს შორის. ქალაქის მოსახლეობა 43 386 მოსახლეს შეადგენს.

ამრიგად, გიორგი კვერნაძის კარიერაში ახალი ეტაპი და განსხვავებული ფურცელი იწყება. მას იტალიური მედია „ახალ კვარას“ უწოდებს, რაც ბუნებრივია, იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ახლა პრაქტიკულად ყველა ქართველი კვარაცხელიასთან ასოცირდება, მით უფრო, რომ გიორგის და კვარას საერთო აგენტი ჰყავთ, სათამაშო პოზიცია და სტილიც თითქმის იდენტურია.

0.113357