საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა ისრაელთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამაყობს, რომ ქართველია და ამ გუნდის წევრია.
„პირველ რიგში მადლობა მთელ საქართველოს, ყველა გვქომაგობდა და ეს ყველგან იგრძნობოდა. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ამ გუნდის წევრი ვარ. ტურნირს რაც შეეხება, ალბათ, ბევრი არ ელოდა, რომ აქამდე მოვიდოდით, ჩვენ გვჯეროდა და ყველაფერი გავაკეთეთ. რაც მოხდა, უკვე წარსულია, თავი უნდა ავწიოთ და წინსვლა გავაგრძელოთ“, - თქვა გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუ საფრანგეთი და ინგლისი ნახევარფინალში გავლენ, სვანაძის გუნდმა ბრძოლა შეიძლება გააგრძელოს.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა, პორტუგალიას მოუგო, ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ისრაელთან ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიით ასპარეზობა დაასრულა.