ფეხბურთი

22:25 | 30.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" დირექტორი: "კვერნაძე კვირას ჩვენთან იქნება, მისი გვჯერა, საინტერესო ბიჭია"

„ფროზინონეს“ დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ იტალიურ მედიას პრაქტიკულად ოფიციალურად დაუდასტურა, რომ გიორგი კვერნაძე კარიერას აპენინის ნახევარკუნძულზე გააგრძელებს.

Sky Sport-თან ინტერვიუში კლუბის ხელმძღვანელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე და თქვა:

„კვერნაძე ჩვენთან კვირას ჩამოვა, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. კლუბთან შეთანხმებული ვართ. ერთადერთი, რაც მას კვარაცხელიასთან საერთო აქვს, აგენტია. ძალიან საინტერესო ბიჭია და მისი ძალიან გვჯერა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოლოდინის გამართლებას მოახერხებს“, - განაცხადა ანჯელოციმ.

გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება. „ფროზინონე“ მომდევნო სეზონს სერია A-ში გაატარებს, ისტორიაში მესამედ 2015-2016 და 2018-2019 წლების სეზონების შემდეგ. გუნდს გასულ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიო გროსო ავარჯიშებდა, მაგრამ მან თანამდებობა დატოვა და ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეცვალა.

გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, შარშან „თელავში“ თამაშობდა, ხოლო იანვრიდან „დინამო ბათუმში“ იყო, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა. ნაკლები სათამაშო პრაქტიკის გამო 20 წლის ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების განაცხადს მიღმაც აღმოჩნდა. მის მიმართ „ფროზინონე“ ინტერესს რამდენიმე თვის განმავლობაში იჩენდა. ასე რომ, მომდევნო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, იტალიის სერია A-ში კვერნაძეც ითამაშებს, ხოლო მისი კლუბის მიზანი ცხადია, ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

0.111296