ისრაელის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„რა თქმა უნდა, ახლა განსხვავებული მატჩი იქნება, ვიდრე ნოემბერში იყო საქართველოსთან, რადგან მას შემდეგ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოხდა. საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ძალიან ძლიერია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.
როგორც ვთქვი, საქართველო კარგი გუნდია, შეტევაში და დაცვაშიც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ვნახეთ საქართველოს მატჩები და ნამდვილად ძლიერი გუნდია, ამიტომ რთული თამაში იქნება. ჯგუფში ჩვენც რთული მეტოქეები გვყავდა, მაგრამ საქართველომ უფრო მაღალ დონეზე ითამაშა. 2-3 დაშავებული ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ვეცდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. მთავარი ფაქტორი დაცვა იქნება, ამიტომ დაცვით ფაზაში კარგად უნდა ვითამაშოთ. 100 000 იქნება თუ 200 000 გულშემატკივარი, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ უბრალოდ ჩვენი მიზნისთვის ვითამაშებთ.
ველოდით ამ მომენტს, გვინდოდა ამ სიტუაციაში ვყოფილიყავით, რომ ოლიმპიადის საგზურისთვის გვეთამაშა. ეს იყო ოცნება და რეალური მიზანი გახდა. კმაყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ ოლიმპიადაზე გავალთ, ჩვენი მიზანი პარიზის საგზურის მოპოვებაა. ჩეხეთთან გამარჯვება აღვნიშნეთ, მაგრამ ზეიმი დასრულდა, მზად ვართ ხვალინდელი თამაშისთვის, რადგან ასეთი შესაძლებლობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება. ეს ნამდვილად იქნება ყველაზე დიდი თამაში ჩვენს კარიერაში თუ ოლიმპიადაზე გავალთ. ოლიმპიური თამაშები არის ოცნებებისა და ამბიციების მწვერვალი, ეს უნდა გავაკეთოთ", - თქვა ლუზონმა.
მასთან ერთად პრესკონფერენციაზე იყო ფეხბურთელი სტავ ლემკინი, რომელმაც ასევე კომენტარი გააკეთა: „უნდა გვჯეროდეს, რომ იმას გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვიცით, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ გამარჯვების უნდა გვჯეროდეს. მთავარი კარგი განწყობა გვქონდეს, ერთიანობა შევინარჩუნოთ და ის მისია შევასრულოთ, რისთვისაც აქ ჩამოვედით. სავსე სტადიონზე თამაშის გამოცდილება ჩვენი გუნდის უმეტეს ფეხბურთელს უკვე აქვს, ატმოსფეროთი უნდა დავტკბეთ და სრულიად მზად ვართ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.