ლონდონის „ტოტენჰემმა“ გულიელმო ვიკარიო დაიმატა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
იტალიელმა მეკარემ „დეზებთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ხოლო „ემპოლიმ“ მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მიიღო. გულიელმო „ტოტენჰემში“ უგო ლორისს შეცვლის.
გულიელმო ვიკარიო „ინტერის“ სამიზნე იყო, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა მილანელებს დაასწრო. „ტოტენჰემს“ გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ, მაგრამ ვიკარიოს ტრანსფერის მერე ქართველის ლონდონში გადასვლა უნდა გამოირიცხოს. თავის მხრივ, ახლა გიორგის ყველაზე მეტად სწორედ „ინტერს“ უკავშირებენ.
26 წლის ვიკარიოს „ვენეციაში“, „პერუჯასა“ და „კალიარიში“ უთამაშია, ხოლო „ემპოლიში“ 2021 წლიდან ირჯება და 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.