ფეხბურთი

1:54 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: "ხალხისგან იმხელა მუხტი მოდის, სასწაულებს გვაკეთებინებს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილმა, ლუკა გაგნიძემ და ივა გელაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

ზურიკო დავითაშვილი: „ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს გვჯეროდა გუნდში ამ ყველაფრის და ეს გამოჩნდა მოედანზე, ერთ მუშტად შეკრული ვთამაშობთ და ყველაფერი გავიღეთ თითოეულმა. რა თქმა უნდა, კარგი გოლი იყო, მაგრამ წინა ორ მატჩში ყველა გოლიც გადამწყვეტი იყო. საოცარი გარემო იყო, მადლობა გულშემატკივრებს და იმხელა მუხტი მოდის, რომ ასეთ გოლებს გატანინებს, ან სხვა სასწაულებს გაკეთებინებს“.

ლუკა გაგნიძე: „ყველაზე რთული ჯგუფი ჩვენ შეგვხვდა. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პირველ ადგილს დავიკავებდით, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ამ შედეგს მივაღწევდით და პირველ რიგში, ეს ხალხის დამსახურებაა, მათ თავდაჯერება შეგვმატეს. ბიჭების უმეტესობა არ ვართ მიჩვეული ასეთ გარემოში თამაშს და ეს ხალხი ყოველ თამაშზე მოტივაციას გვაძლევს“.

ივა გელაშვილი: „მაყურებელს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე არ მგონია, რომ აქამდე მოვსულიყავით. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩზეც მოვლენ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ ჩეხეთს, ისრაელს ან გერმანიას შეხვდება. სხვათა შორის, თავდაპირველად, ეს მეოთხედფინალი „მიხეილ მესხზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, უეფამ საქართველოს მხარის თხოვნა გაითვალისწინა და მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.11369