ფეხბურთი

23:07 | 27.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "არანაირი განსხვავება არ არის ეროვნულ ნაკრებში თამაშობ თუ ახალგაზრდულში"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდებთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თავიდან რთული წარმოსადგენი იყო ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, მაგრამ ამის ფეხბურთელებს სჯეროდათ.

„პირველ რიგში ყველას გილოცავთ. ძალიან რთულ ჯგუფში ვითამაშეთ და ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ამ ჯგუფიდან გასვლა შეგვეძლო. რთული პირველი ტაიმი იყო, თუმცა ვიპოვეთ ძალები, რომელმაც ყველაფერი გადაგვალახინა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ამ გამარჯვებას ახლა დავივიწყებთ და მომდევნო მატჩზე დავიწყებთ ფიქრს, რადგან ჩვენი მიზანია მეოთხედფინალში ღირსეულად ვითამაშოთ იმის მიუხედავად, ვინ იქნება მეტოქე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს.

როდესაც ასეთ ტურნირზე გამოდიხარ, არანაირი განსხვავება არ არის ეროვნული ნაკრებია თუ ახალგაზრდული, ერთნაირად თამაშობ. გოლიც ისე აღვნიშნე, როგორც ეროვნულ ნაკრებში გატანილი. ამ ბიჭებთან ერთად ბავშვობიდან მოვდივარ, ჩემი ოჯახია და ვიცი, რა სამუშაო გასწიეს იმის საჩვენებლად, რაც ვაჩვენეთ“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ ჩეხეთს, ისრაელს ან გერმანიას შეხვდება. სხვათა შორის, თავდაპირველად, ეს მეოთხედფინალი „მიხეილ მესხზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, უეფამ საქართველოს მხარის თხოვნა გაითვალისწინა და მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.114646