ფეხბურთი

0:59 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების მწვრთნელი: "თუ საკმარის გოლს ვერ გაიტან, სახლში წახვალ, იმედგაცრუებული ვართ"

ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერვინ ვან დე ლოიმ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

„ეს არის არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი გუნდისთვის იმედგაცრუება. მოსაგებად უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ თუ საკმარის გოლს ვერ გაიტან, სახლში წახვალ, ეს ფეხბურთელია. მომენტების გამოუყენებლობა იყო ყველაზე დიდი პრობლემა. რა თქმა უნდა, ბიჭები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მეტოქე უკან იდგა და ძნელი იყო ამ ბარიერის გადალახვა, მაგრამ ბოლომდე ვცდილობდით.

ყველაფერი ვცადეთ, მეტი შემტევით ვითამაშეთ, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ. ამ ტურნირზე ორი რამ გავაკეთეთ არასწორად, დღესაც და პორტუგალიასთანაც გოლი ძალიან იოლად გავუშვით. ნაკრებში ჩემს პერიოდს დადებითად ვაფასებ, თუმცა, იმედგაცრუება არის, გვინდოდა ევროპის ჩემპიონატი მოგვეგო“, - თქვა ვან დე ლოიმ.

აღსანიშნავია, რომ მისთვის ეს ბოლო მატჩი იყო ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებში და მას მიხაელ რაიციგერი შეცვლის, ეს ტურნირის დაწყებამდეც ცნობილი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ ჩეხეთს, ისრაელს ან გერმანიას შეხვდება. სხვათა შორის, თავდაპირველად, ეს მეოთხედფინალი „მიხეილ მესხზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, უეფამ საქართველოს მხარის თხოვნა გაითვალისწინა და მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.268309