კალათბურთი

19:38 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო ბანკერომ იტალიის ნაკრების ნაცვლად ამერიკის ნაკრები აირჩია

„ორლანდო მეჯიქის“ ვარსკვლავი პაოლო ბანკერო ამერიკის ნაკრებში ითამაშებს. 20 წლის კალათბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და იტალიის ნაკრებში თამაშს აშშ ამჯობინა.

ამ ფაქტით ძალიან გაბრაზდა იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯანი პეტრუჩი, რომელმაც Gazzetta Dello Sport-თან საუბრისას ბანკერო გააკრიტიკა.

„ეს იყო ლეგიტიმური გადაწყვეტილება, მაგრამ მას შეეძლო ამის შესახებ ჩვენთვის ეთქვა. სამაგიეროდ მისი გადაწყვეტილების შესახებ სააგენტოებიდან გავიგეთ. როდესაც მან NBA-ში თავისი ღირებულება გაიგო, რომანტიკული მხარეც მაშინვე დაივიწყა! ბოლო დღეებში ის მილანში იმყოფებოდა და მიუხედავად ჩვენს სააგენტოსთან შეთანხმებისა, მან თავი აარიდა მწვრთნელ პოცეკოსთან შეხვედრას. ღალატი, განსაკუთრებით კალათბურთში, მძიმე სიტყვაა. ასეთი სიტუაციები ხდება და პირადად მე მიჩვეული ვარ. მაგრამ მან მოგვატყუა, ჩვენ მასზე დიდი კომერციული გათვლა გვქონდა. ახლა ეს იმედგაცრუება დადებით ენერგიად. დადებითი ენერგია, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მწვრთნელი ამას შეძლებს“, - აღნიშნა პეტრუჩიმ.

მან ისიც თქვა, რომ B გეგმა აქვთ და „ბასკონიას“ კალათბურთელის, დარიუს ტომპსონის ნატურალიზაციას ცდილობენ: „ვცდილობთ დავაჩქაროთ დარიუს ტომპსონის პასპორტის პროცესი, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი აკლია. იმედი გვაქვს, რომ ის შეძლებს ჩვენს შეკრებას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეუერთდეს", - თქვა პეტრუჩიმ.

პაოლო ბანკერო „ორლანდომ“ გასულ ზაფხულს დრაფტზე პირველ ნორმად აირჩია. სიეტლში დაბადებულმა წარმოშობით იტალიელმა სადებიუტო სეზონში NBA-ში ჩატარებულ 72 მატჩში საშუალოდ 20 ქულა, 6.9 მოხსნა და 3.7 პასი დააგროვა. საინტერესოა, რომ მან 2022 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში თამაში სურდა და ამაზე ოცნებობდა, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მეტოქეები ჯგუფში დომინიკის რესპუბლიკა, ანგოლა და ფილიპინები იქნებიან, ხოლო ამერიკის ნაკრები საბერძნეთს, ახალ ზელანდიასა და იორდანიას შეხვდება. ამავე მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს, ჯგუფში კი სლოვენიას, კაპო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება.

კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე სამ ქვეყანაში, იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება.

0.116393