სხვა

15:26 | 26.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრაკოვი-მალოპოლსკა 2023

25 ივნისს, კრაკოვში, ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე დაიწყო შვიდკაცა რაგბის ტურნირი, რომლის ერთ-ერთი ფავორიტია საქართველოს ნაკრები.

B ჯგუფის პირველ შეხვედრაში ქართველებმა ჩეხებს აჯობეს - 17:14. შესვენებამდე სოსო მათიაშვილმა და გიორგი ჯობავამ დაალელოვეს მეტოქე, შესვენების შემდეგ კი გიორგი ჭუაძემ. სერგი ჩხაიძემ სამი გარდასახვიდან მხოლოდ ბოლო გამოიყენა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც თითქმის ხუთი საათის შემდეგ გაიმართა, საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგია გახლდათ, რომელიც მანამდე ესპანეთთან დამარცხდა.
14:7 - ამ ანგარიშით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა. პირველი ლელო გიორგი ფრუიძემ დადო, მეორე გიორგი ჯობავამ. დანარჩენი ოთხი ქულა ჩვენ ნაკრებს ჭუაძემ და ლაშა ლომიძემ მოუტანეს. ხვალ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ასპარეზობას ესპანეთთან მატჩით დაასრულებს.

დღესვე დაიწყეს მედლების გათამაშება მუაიტაიში ანუ ტაილანდურ კრივში. შეჯიბრებას მისლენიცე მასპინძლობს, სადაც საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა იასპარეზა: გიორგი კლეინმა (67კგ), შალვა მარგიშვილმა (91კგ) და ელენე ლოლაძემ (54კგ). კლეინი აზერბაიჯანელ ხაიალ ალიევთან დამარცხდა, მარგიშვილი ბერძენ კირიაკოს კირიაკოს ბაკირცისთან, აი ელენე ლოლაძემ კი პორტუგალიელ ფილიპა ლოპეს როსა დე ოლივეს 30:27 სძლია და ხვალ ნახევარფინალში იბრძოლებს. მისი მეტოქე პოლონელი მარტინა კიერჩინსკაა.

ნოვი ტარგში მოკრივეთა ტურნირი გაგრძელდა, სადაც ამჯერად ჩვენი გუნდის ორი წევრი ვიხილეთ. ესკერხან მადიევის (71კგ) უპირატესობა ლატვიელ მარტინს ბლუმენტალსთან იმდენად დიდი იყო, რომ რეფერიმ მეორე რაუნდში შეწყვიტა ბრძოლა. მადიევის მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი სარხან ალიევია. მათი მერვედფინალი 27 ივნისს შედგება.

ლაშა გურულის (63,5კგ) დღევანდელი მეტოქე სლოვაკი ვილიამ ტანკო გახლდათ. გურულმა კვლავ დამაჯერებლად მოიგო - 5:0 და 28 ივნისს, მეოთხედფინალში, ბულგარელ რადოსლავ სიმეონ როსენოვს დაუპირისპირდება.

25 ივნისს დაიწყეს ასპარეზობა თანამედროვე ხუთჭიდელებმა. პირველად ქალებმა იასპარეზეს, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრმა ქრისტინა ჭიტაძემ. სამი დისციპლინის შედეგებით (ფარიკაობა, ცურვა, სირბილი) ის მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ვროცლავის სროლის ცენტრში ქალთა შორის სპორტული პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნაწილი გაიმართა, სადაც ნინო სალუქვაძემ 288 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა. ასპარეზობა ხვალ დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა სალუქვაძემ ევროპის III თამაშების მედლისთვის ბრძოლას.

ვროცლავშივე ვიხილეთ მესტენდური იაროსლავ სტარცევი. სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებმა მრგვალ სტენდზე სროლაში გუშინ დაწყებული შესარჩევი სერია დაამთავრეს. სტარცევმა 119 ქულით (23, 23, 25, 23, 25) 30 მონაწილეს შორის 24-ე ადგილი დაიკავა და ასპარეზობა დაამთავრა.

GEONOC.ORG.GE

0.110601