ფეხბურთი

11:04 | 25.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა"

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით. მან საქართველოს ნაკრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ამ თაობამ ბავშვებს ფეხბურთი შეაყვარა.

„საოცარი დღეები გვაქვს თბილისში და ძალიან მაგარ ტურნირს ვმასპინძლობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაკრების თამაშს ზურგს გულშემატკივრის დიდი ემოცია უმაგრებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციის გაზიარებას, დათქმების გარეშე ქომაგობას და ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ. უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა და კარგად გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვაგან კი არა, ჩვენთან, საკუთარ ქალაქში და ქვეყანაში ხდება.

ამ რანგის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ და უკვე მეორე თამაშში, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში, დასწრების მხრივ საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ტრიბუნაზე უამრავი მოზარდი და ბავშვი დადის, ამ თაობამ გულშემატკივარს ფეხბურთი თავიდან შეაყვარა. წარმატებები რამაზ სვანაძის გუნდს“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო ტურში ქართველი ფეხბურთელები 27 ივნისს, "დინამო არენაზე" ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.

0.121827