ფეხბურთი

22:00 | 24.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან გადარჩენილი ქულა! საქართველო მეოთხედფინალთან ერთ ნაბიჯშია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალთან ერთ ნაბიჯშია!

მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელები ბელგიასთან ორი ბურთით აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეცვალეს და ქულა მაინც მოიპოვეს - 2:2. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ბოლ ტურის წინ ჯგუფის ლიდერია!

რამაზ სვანაძემ წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინა. ამჯერად მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩნდნენ გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი.

თამაში ბელგიელებმა ძალიან კარგად დაიწყეს და მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, როგორც ტერიტორიულს, ისე სახიფათო მომენტების მხრივ. ეს ყველაფერი კი სტუმრებმა ორ გოლში ლოგიკურად ასახეს.

ორივე შემთხვევაში მასპინძელთა დაცვის ხაზი ჩავარდა. მე-15 წუთზე მაქსიმ დე კუიპერმა თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, როდესაც მას არავინ უშლიდა ხელს და სრულიად მარტო იყო საჯარიმოში. ბელგიელებმა გოლის მერეც გააგრძელეს უპირატესობის ფლობა და მომენტებიც შექმნეს. გიორგი მამარდაშვილმა იხსნა თავისი გუნდი, მერე კი ძელმა. თუმცა, სწორედ ძელიდან ასხლეტილი ბურთი ბელგიელებმა მოიხელთეს და შეტევა გააგრძელეს, რაც გოლით ლარჟი რამაზანიმ დაასრულა. ისეთ ახლო მანძილიდან, ისევ თავით და ისევ მეურვის გარეშე იყო. ტაიმიც ასე დასრულდა. იოლად იკითხებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ცვლილებები სჭირდებოდა, რაც შესვენებაზევე განხორციელდა.

მოედანზე გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა გაგნიძე და გიორგი წიტაიშვილი გამოჩნდნენ, თამაშის სცენარიც შეიცვალა. საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და შედეგსაც მალევე მიაღწია. წიტაიშვილმა გოჩოლეიშვილის პასის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ერთი ბურთი გაქვითა. სვანაძის გუნდმა აქტიურობა გააგრძელა და გათანაბრებასთან ახლოსაც იყო, როდესაც დავითაშვილის პასით აზაროვი ჩინებულ პოზიციაში იყო, მაგრამ სუსტად დაარტყა - მეკარემ მოიგერია.

საქართველო მეორე ტაიმში აშკარად სხვა გუნდი იყო, უფრო შემართული და ორგანიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელებს შესვენების შემდეგაც ჰქონდათ მომენტები. 89-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრა. ირაკლი აზაროვის ბრწყინვალე ჩაწოდების შემდეგ გიორგი გულიაშვილმა დაუცველი კარის წინ თავით გაიტანა - 2:2! აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ორივე გოლის ავტორი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

პარალელურად პორტუგალიისა და ნიდერლანდების შეხვედრა 1:1 დასრულდა. ამგვარად, საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 4 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. 2-2 ქულა აქვთ ნიდერლანდებსა და ბელგიას, პორტუგალიას - 1.

ბოლო ტურში 27 ივნისს, საქართველო ნიდერლანდებს, ხოლო პორტუგალია ბელგიას დაუპირისპირდება.

საქართველო - ბელგია 2:2 (0:2)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 41 886

საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი; საზონოვი, გელაშვილი (ლომინაძე 81), კალანდაძე; ხვადაგიანი (გოჩოლეიშვილი 46), ლ. გაგნიძე (ნ. გაგნიძე 46, გულიაშვილი 73), მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (წიტაიშვილი 46), აზაროვი; დავითაშვილი, გაგუა

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ბელგია (4-4-2): ვანდევურდტი; სიკე (ვან დერ ბრემპტი 82), დებასტი (ალ დახლი 79), დე ვინტერი, დე კუიპერი; დე კეტელარე, კეიტა, ვრანქსი, ბალიკვიშა; ოპენდა, რამაზანი (რასკინი 73)

მწვრთნელი: ჯაკი მატეისენი

გოლები: 0:1 დე კუიპერი (15), 0:2 რამაზანი (38), 1:2 წიტაიშვილი (52). 2:2 გულიაშვილი (87)

გაფრთხილება: გოჩოლეიშვილი (59), კალანდაძე (84), აზაროვი (90), მამარდაშვილი (90) - ვრანქსი (73), დე ვინტერი (90), ვან დერ ბრემპტი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 15 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:8

მსაჯი: დუჟე სტრუკანი (ხორვატია)

1. საქართველო 2 1 1 0 4 2 2 4
2. ბელგია 2 0 2 0 2 2 0 2
3. ნიდერლანდები 2 0 2 0 1 1 0 2
4. პორტუგალია 2 0 1 1 1 3 -2 1
0.171467