ფრანგული "ლილის" ფეხბურთელის, ტიმოთი ვეას "იუვენტუსში" ტრანსფერი გადაწყდა. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ყველანაირი დეტალი შეთანხმებულია და ამერიკელი ხუთშაბათს იტალიურ გრანდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
Sky Sport-ის ცნობით, „იუვე“ ფრანგულ კლუბს 12 მილიონ ევროს გადაუხდის და ამერიკელი ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდარული ჟორჟ ვეას შვილია, "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გააფორმებს.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჟორჟ ვეამ თქვა, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ბავშვობიდანაა და გაუხარდება, თუ მისი შვილიც იტალიაში ითამაშებს.
ტიმოთი ვეა მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, შეუძლია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში გარჯა და მთელი ფლანგის კონტროლიც. ის „ლილში“ 2019 წლიდან გამოდის და 107 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „პარი სენ ჟერმენისა“ და „სელტიკის“ წევრი იყო. ამერიკის ნაკრებში მან 31-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.