„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის აგენტ რობერტო კალენდას შეხვდა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, შეხვედრამ მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა, სადაც თითოეულმა მხარემ დააფიქსირა თავიანთი მოთხოვნები და აზრი ნიგერიელი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით.
როგორც Sky Sport-ის ინფორმაციით, დე ლაურენტისმა აგენტს უთხრა, რომ ვიქტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ 150 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას მიიღებს. ჯერჯერობით, არცერთ კლუბს „ნაპოლისთვის“ ოსიმენში 100 მილიონ ევროზე მეტი არ შეუთავაზებია.
ამავდროულად, „ნაპოლი“ ფიქრობს მასთან კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2025 წელს იწურება. როგორც ირკვევა, დე ლაურენტისის შეთავაზებით ოსიმენი მოხიბლული არ არის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მაგრამ მხარეები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა, სერია A-ში კი 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.