ფეხბურთი

19:06 | 23.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის მწვრთნელი: "რთული მატჩი გველის, საქართველოს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს"

ბელგიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაკი მატეისენმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, რთულ მატჩს ელოდება, რადგან საქართველო შესანიშნავი გუნდია.

„ეს არის გასვლითი თამაში მასპინძელ ქვეყანასთან, რომელმაც პირველი მატჩი მოიგო, სავსე სტადიონზე. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აქ ყოფნა გვიხარია, ამ ტურნირზე ნიჭიერი ფეხბურთელებით თამაში. მათ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ 50 000 მაყურებლის წინაშე კარგად თამაშისთვის მზად არიან.

ჩვენ ვიცოდით ქართველების თვისებები, მაგრამ პორტუგალიასთან შედეგმა გამაოცა. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები საჩუქარი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ასე ეგონა. ეს მატჩი დიდი შანსია კარგი შედეგის მისაღწევად და შეგვიძლია პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ.

ამ მატჩისთვის თვეობით ვემზადებოდით. პორტუგალიასთან მატჩი იმის დასტური იყო, რაც უკვე ვიცოდით: საქართველო შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ის შეიცვალა, რომ პორტუგალიასთან ფანტასტიკური გუნდი ვნახეთ. ეს არის გუნდი კარგად ორგანიზებული და მკაცრი სათამაშო გეგმით, ასევე ვნახე, რომ ფანტასტიკური მეკარე ჰყავთ (კუტალაძე - რედ).

პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვებით მათი რწმენა გაიზარდა და სტადიონი გაივსება. ფაქტია, რომ რთული მატჩი გველის. მათ პორტუგალიის დასამარცხებლად ტოპმოთამაშეებიც არ დასჭირდათ, ეს კი ბევრს ნიშნავს“, - თქვა მატეისენმა.

პრესკონფერენციაზე იყო ბელგიელთა ერთ-ერთი ლიდერი შარლ დე კეტელარე, რომელმაც უფრო მეტად საკუთარ თავსა და გუნდზე ისაუბრა:

„ჩემთვის გუნდის კაპიტნობა დიდი პატივია და სასიამოვნოა, მაგრამ როცა ვრანქსი ითამაშებს, ის იქნება კაპიტანი, რადგან შესარჩევ ეტაპზე ის იყო. ნიდერლანდებთან ლამაზი პასი? რეალობა ისაა, რომ გოლი არ მოჰყვა, შესაბამისად, დიდი შედეგი არ ჰქონია. ბელგიის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ აქ ვითამაშებდი და მეც მზად ვარ გუნდს დავეხმარო. ამჟამად მხოლოდ გუნდზე ვარ ორიენტირებული. თუ შევძლებ გუნდის დახმარებას გოლებით და საგოლე პასებით, კარგია, მაგრამ თუ გუნდი მაინც მოიგებს, ესეც კარგია“, - თქვა „მილანის“ ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, ბელგიას კი 1 ქულა აქვს. მატჩი 24 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.135965