„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. ცნობილია, რომ მას „იუვენტუსში“ გადასვლა სურს, რის გამოც სეზონის დასრულების შემდეგ ნეაპოლში სამუშაო პროცესს პრაქტიკულად ჩამოშორდა.
იტალიური მედია წერს, რომ დღეს აურელიო დე ლაურენტისი თითქმის დათანხმდა მის გათავისუფლებას. საქმე ისაა, რომ ჯუნტოლის ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მას მხარეები გაწყვეტენ. შესაბამისად, კრისტიანო თავისუფალი გახდება და ტურინელებთან თანამშრომლობას დაიწყებს.
ცნობილია, რომ ჯუნტოლი ახალი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას ოფიციალურ პრეზენტაციას არ დასწრებია და არც მის დანიშვნაში მიუღია მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლიში“ 2015 წელს „კარპიდან“ გადავიდა. სწორედ მან მოახერხა გასულ ზაფხულს „აძურიში“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა.