ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა „ნაპოლის“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ტელეკომპანია RAI იტყობინება.
წყაროს თანახმად, ორივე კლუბის წარმომადგენლებს პირველი კონტაქტი უკვე შედგა. მოლაპარაკებები არ დაწყებულა და არც ფინანსური დეტალები ხმაურდება, მაგრამ ნეაპოლელებს 25 წლის შემტევი აინტერესებთ. მომდევნო დღეებში კი შესაძლოა, სიტუაცია განვითარდეს.
ცნობილია, რომ „იუვეს“ ფინანსური პრობლემების გამო კიეზას გაყიდვას სურს, მაგრამ ცხადია სასურველი წინადადების შემთხვევაში. ტურინელები ფედერიკოს სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს ითხოვენ. კიეზა მარცხენა გარემარბია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე იგივენაირად თამაში შეუძლია. ამდენად, შეიძლება ნეაპოლელთა ფლანგებზე მომდევნო სეზონში კიეზა და კვარაცხელია ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ კარიერა „ფიორენტინაში“ დაიწყო, ხოლო 2021 წელს 60 მილიონ ევროდ „იუვენტუსს“ შეუერთდა. ტურინულ გრანდში მან დღემდე 94 მატჩში 22 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში ფედერიკოს ანგარიშზე 42 თამაში და 5 გოლია, 2021 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.