ფეხბურთი

4:00 | 21.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი: "უცნაური საღამო იყო, მაგრამ ღირსეული მეტოქე დავამარცხეთ"

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა ღირსეული მეტოქე დაამარცხა.

კლარკის თქმით, ეს იყო უცნაური და სიურრეალისტური საღამო, მაგრამ მისმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

"დიახ, თამაში მანამდე უნდა შეწყვეტილიყო, სანამ გოლი გავიდოდა, თავიდანვე ჩანდა, რომ მოედანი მზად არ იყო. ეს გახლდათ ყველაზე გრძელი დღე ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილების დაბადების შემდეგ. ეს მართლაც უცნაური და სიურრეალისტური საღამო იყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გავაკეთეთ და ავიღეთ 3 ქულა. შესაბამისად, პირველი წრე ნამდვილად კარგი გამოვიდა. ვთქვი, რომ გავაუმჯობესებდით შედეგებს და ვფიქრობ, მართალი ვიყავი, მაგრამ გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია. მეორე ტაიმში იყო მომენტი, როცა მიმაჩნია, რომ ბურთის უკეთ გადატანა შეგვეძლო მეტოქის ნახევარზე. თუმცა, ფეხბურთელებით ნამდვილად ვამაყობ. საწყისი 4 თამაში მოვიგეთ, კარგი იქნება თუ მეხუთესაც მოვიგებთ.

მაგრამ თქვენ იცით, როგორია ფეხბურთი. თუ ძალიან შორეულ გეგმებს დააწყო, შეიძლება ძირს აღმოჩნდე. უბრალოდ ვრჩებით კონცენტრირებული და თავდაჯერებულები, რომ მოვიპოვებთ ქულების იმ რაოდენობას, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად საკმარისი იქნება.

გოლის შემდეგ მათ უნდოდათ თამაშის შეწყვეტა, ჩვენ - არა, რაც ნორმალურია. მათ რომ გაეტანათ, არ ენდომებოდათ თამაშის შეწყვეტა. საბედნიეროდ, მოედანი დაშრა, ყველამ თავისი საქმე გააკეთა და საუკეთესო ის არის, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე გააკეთეს.

ფეხბურთელები ბრწყინვალენი იყვნენ, თამაშზე იყვნენ კონცენტრირებული, არც კი ვიცი, გასახურებლად რამდენჯერ გამოვიდნენ. უნდა გამოვყო გულშემატკივარი - ყოველთვის, როცა ფეხბურთელები გასახურებლად გადიოდნენ, ისინი მღეროდნენ და მოთამაშეებს ეუბნებოდნენ, რომ იქ იყვნენ მათ დასახმარებლად. შეიძლება უფრო ადვილი ყოფილიყო მათთვის სახლში წასვლა, მაგრამ გუნდთან დარჩნენ და ამას ნამდვილად ვაფასებთ. მათ 10-დან 10 ქულით შევაფასებ.

ქართველი ბიჭები უყურებდნენ მოედანს და ფიქრობდნენ, რომ ისევ იგივე მდგომარეობაში იყო. როდესაც ჩვენ გასახდელიდან გამოვედით, ვნახეთ, რომ სიტუაცია შეცვლილი იყო, ისინი კი ფიქრობდნენ, რომ მოედანი უკეთეს მდგომარეობაში არ იქნებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ მოედნიდან წყალმა კლება დაიწყო. მინდა, მოხალისეებიც შევაქო, რომლებიც წმენდდნენ წყალს და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თამაში ჩატარებულიყო. როდესაც მოედანზე საქართველოს ნაკრები დაბრუნდა, დაინახეს, რომ მოედანი უკეთეს მდგომარეობაში იყო.

ალბათ, ჩემს ფეხბურთელებს 10-დან 9 ქულას დავუწერ, რადგან ბოლოს პენალტი მივიღეთ და შეიძლებოდა 3-4 წუთი სანერვიულო ყოფილიყო. ცხადია, კარგი დასაწყისი გაქვს, ორი დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ ესპანეთსა და ნორვეგიასთან, დღესაც კარგი გამარჯვებაა ძალიან ღირსეულ საქართველოს ნაკრებთან“, - თქვა კლარკმა.

საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ასევე 4 ქულა აქვს ნორვეგიას, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. შოტლანდიის ნაკრები კი 4 ტურში 12 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს და წესით, სქოთებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გაუჭირდებათ.

ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან ელოდება, ხოლო 4 დღის მერე ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება. მოკლედ, ორი ურთულესი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩები წინაა...

0.118905