ფეხბურთი

23:54 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ასტანა" ძლიერი გუნდია, რამდენიმე პოზიციაზე კი გაძლიერებას ვგეგმავთ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც მან თქვა, ჯერ მეტოქეს კარგად არ იცნობს, მაგრამ იცის, რომ გამოცდილი გუნდია.

„წილისყრით კმაყოფილი იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ. „ასტანა“ ისტორიულად კარგი გუნდია, თავისი ქვეყნის ჩემპიონია და ახლაც ლიდერია. რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ეროვნული ნაკრებებიდან, ლეგიონერებიც და გამოცდილი გუნდია. სიღრმისეულად მაშინ მეცოდინება, როცა უფრო დეტალურად შევისწავლით და გავიგებთ, როგორ გუნდს ვხვდებით. რამდენიმე პოზიციაზე ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ კონკრეტულად თამაშამდე გაძლიერებას მოვასწრებთ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

კომენტარი გააკეთა თბილისელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემაც: „გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ შეგხვდებოდა, ორი თამაში ჩასატარებელი გვექნებოდა და გამარჯვებული მოედანზე უნდა გამოვლინდეს. ვფიქრობ, ერთ თამაშში არაფერი გადაწყდება და ყველაფერი „დინამო არენაზე“ გაირკვევა, სადაც გულშემატკივრების გვერდში დგომა ძალიან დაგვეხმარება. ორივე მატჩი ძალიან საინტერესო იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ პირველ მატჩს სტუმრად და საპასუხოს შინ გამართავს. შეხვედრები 11/12 და 18/19 ივლისს გაიმართება.

0.512599