საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი მზადაა და მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯება.
„ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, თამაშამდე ერთი ვარჯიში კიდევ გვაქვს და მზად ვართ. ყველაფერი განხილულია. ტრავმა აღარ მაწუხებს და ვითამაშებ, ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ. შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ, ფაქტია, რომ ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ. პორტუგალია ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს. ბიჭებს ვეტყვი, რომ სიამოვნება მიიღონ ასეთ ტურნირზე თამაშით.
კვარაცხელიას და მიქაუტაძეს საოცარი სეზონი ჰქონდათ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველას არ ჰქონდა ასეთი დატვირთული გრაფიკი, თითქმის ყველა მატჩში ითამაშეს. რა თქმა უნდა, ყველას დიდი სურვილი გვქონდა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ მათ მდგომარეობაშიც უნდა შევიდეთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთ დროს ტრავმის საშიშროებაც არსებობს. ჩვენც არ ვიცოდით მათი გადაწყვეტილება, ველოდებოდით პასუხს და გული დაგვწყდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. კარგი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ. შეგვწევს ძალა, რომ კარგად ვითამაშოთ. კვარაც და ჟორჟიც ჩვენს გვერდით სხვაგვარად არიან.
პორტუგალია ამ ასაკში ერთ-ერთი საუკეთესოა, მოქმედი ფინალისტი. მეტოქეს სუსტი მხარეები თითქმის არ აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და ვეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ“, - თქვა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება. გარდა ამისა, რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში 24 ივნისს ბელგიას და 27 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 8 ივლისამდე გაგრძელდება, ფინალი კი ბათუმში ჩატარდება.