საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს და "ვოლფსბერგერში" ითამაშებს.
ავსტრიული კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. სანდრომ 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ვოლფსბრგერში“ ცოტა ხნის წინ გურამ გიორბელიძე და ლუკა ლოჩოშვილი თამაშობდნენ, ამდენად ქართველ ფეხბურთელებს კარგად იცნობენ.
„სანდრო ალთუნაშვილს დიდი ხანია ვაკვირდებით და გვიხარია, რომ ნახევარდაცვაში ტექნიკური და ჩვენთვის შესაბამისი ფეხბურთელი დავიმატეთ. მისი მენტალიტეტი და თამაშის მანერა ჩვენს გუნდს ძალიან უნდა გამოადგეს“, - თქვა „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა მანფრედ შმიდტმა.
სანდრო ალთუნაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 2014-2020 წლებში თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან ის „დინამო ბათუმის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.
სანდროს საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, ის ეროვნულ ნაკრებში ამჟამადაც არის გამოძახებული.