ავტოსპორტი

13:27 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა „რედ ბულს“ ფ1-ში მე-100 გამარჯვება მოუპოვა

„რედ ბულისთვის“ კანადის 2023 წლის დიდი პრიზი გამორჩეული რბოლაა - გუნდმა ფორმულა ერთში მე-100 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვების ავტორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენია. 25 წლის ჰოლანდიელმა სტარტზევე ადვილად შეინარჩუნა მოწინავე პოზიცია და ფინიშს ისე მიაღწია, ლიდერობა ერთხელაც არავისთვის დაუთმია.

ფერსტაპენისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 41-ე გამარჯვებაა, რითაც ლეგენდარული აირტონ სენას მიღწევა გაიმეორა.

მეორე და მესამე ადგილები ფერნანდო ალონსომ და ლუის ჰამილტონმა დაიკავეს, რომლებმაც რბოლა ამავე თანმიმდევრობით დაიწყეს, მაგრამ თუ დასაწყისში ჰამილტონმა შეძლო გასწრება, შუა რბოლაში ალონსომ ყოფილ თანაგუნდელს ხურდა დაუბრუნა. ესპანელისთვის ეს ამ სეზონის რვა რბოლაში, მეექვსე კვარცხლბეკია.

ამგვარად, „რედ ბულის“ პილოტებს რვავე რბოლა აქვთ მოგებული. ამ რვიდან, ორი მოგება სერხიო პერესს ეკუთვნის, დანარჩენი კი - ფერსტაპენს, ვინც უკვე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განცხადა, რომ მის გუნდს ამ სეზონში ყველა რბოლის მოგება შეუძლია და ამისთვის იბრძოლებს. ასევე საინტერესოა, რომ ფერსტაპენმა უკვე ზედიზედ 200 წრეზე მეტი გაატარა ლიდერის პოზიციაში.

ფერსტაპენისგან განსხვავებით, ისევ ხელმოცარული დარჩა მისი მექსიკელი თანაგუნდელი, რომელმაც ზედზედ მესამე რბოლა დაასრულა კვარცხლბეკის მიღმა. კვალიფიკაციის შემდეგ, ჰორნერმა მას ურჩია, ჩემპიონობაზე ფიქრს თავი დაანებოს და ის საქმე აკეთოს, რაც კარგად გამოსდის. კვალიფიკაცია მან მე-12 პოზიციაზე დაასრულა, რბოლა კი - მეექვსეზე და ერთი ბონუს ქულა უსწრაფრესი წრისთვის დაიმსახურა.

წარუმატებლობის მიუხედავად, პერესი ჩემპიონატში მეორე ადგილს ინარჩუნებს და ფერსტაპენს 69 ქულით ჩამორჩება.

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, დისტანცია 305.270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:33:58.348
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ასტონ მარტინი) +9.570
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +14.168
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +18.648
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) +21.540
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) +51.028
  7. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) +60.813
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) +61.692
  9. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) +64.402
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) +64.432
  11. ოსკარ პიასტრი (ავსტრალია, მაკლარენი) +65.101
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალპინი) +65.249
  13. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +68.363
  14. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) +73.423
  15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ჰაასი) +1 круг
  16. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) +1 круг
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +1 круг
  18. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, ალფატაური) +1 круг
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 16 წრე
  20. Лლოგან სარჯენტი (აშშ, უილიამსი) 64 წრე

უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:14.481 (70-ე წრე, 210.786 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 195 ქულა; 2. სერხიო პერესი - 126; 3. ფერნანდო ალონსო - 117; 4. ლუის ჰამილტონი - 102; 5. კარლოს საინსი - 68; 6. ჯორჯ რასელი - 65; 7. შარლ ლეკლერი - 54; 8. ლანს სტროლი - 37; 9. ესტებან ოკონი - 29; 10. პიერ გასლი - 15; 11. ლანდო ნორისი - 12; 12. ალექს ელბონი - 7; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 14-15. ოსკარ პიასტრი და ვალტერი ბოტასი - 5; 16. გუანიუ ჟოუ - 4; 17. იუკი ცუნოდა და კევინ მაგნუსენი - 2

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 321 ქულა; 2. მერსედესი - 167; 3. ასტონ მარტინი - 154; 4. ფერარი - 122; 5. ალპინი - 44; 6. მაკლარენი - 17; 7. ალფა რომეო - 9; 8. ჰაასი - 8; 9. უილიამსი - 7; 10. ალფატაური - 2

0.139082