ფეხბურთი

1:55 | 19.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი - ერთა ლიგის ახალი ჩემპიონი

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის გამარჯვებულია. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა როტერდამში გამართულ ფინალში ხორვატიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

120 წუთი ისე გაილია, რომ გოლი არ გასულა. ეგ კი არა, გუნდებს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, ესპანეთმა კი კარში სულაც ერთხელ დაარტყა. მთლიანობაში ხორვატია უკეთ თამაშობდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ესპანეთი აშკარა გოლს გადაურჩა.

შესაბამისად, ნულოვანი ფრე უფრო ლოგიკური იყო. პენალტების სერიაში კი ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა გაიბრწყინა, რომელმაც ლოვრო მაიერის და ბრუნო პეტკოვიჩის დარტყმები მოიგერია. ესპანელთაგან მხოლოდ ემერიკ ლაპორტმა ვერ გაიტანა, დანი კარვახალის ზუსტი პენალტის შემდეგ კი „ფურია როხა“ გაჩემპიონდა.

ესპანეთმა ისტორიაში პირველად მოიგო ერთა ლიგა, ზოგადად კი ამ ტურნირის მესამე ტრიუმფატორია პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების შემდეგ.

ცნობისთვის, ის ფაქტი, რომ ესპანეთის ნაკრებმა ერთა ლიგა მოიგო, არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. კონკრეტულად ერთა ლიგის ოთხთა ფინალს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლთან საერთო არაფერი აქვს. ერთადერთი ისევ ესპანეთის ნაკრებისთვის იცვლება ის, რომ თუ შესარჩევი ეტაპიდან ვერ გავა ევრო 2024-ზე, ერთა ლიგის პლეი-ოფში მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც ესპანეთის ჯგუფშია, ამით არაფერი შეცვლილა.

ხორვატია - ესპანეთი 0:0 პენ: 4:5

0.188083