საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა კვიპროსის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია ნაკრებში დაბრუნებით.
"რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ხშირად ვიღებდი ტრავმას სანაკრებო შეკრების წინ, რაც ძალიან დასანანი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ უკეთეს კონდიციაში ვარ. ბევრი თამაში ჩავატარე ტრავმის შემდეგ და კარგ ფორმაში ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო თამაშებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც სეზონი წარმატებულია გუნდისთვის. "შტურმთან" ერთად თასი მოვიგე და ბევრი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, ვინც სეზონი წარმატებით ჩაატარა. ეს დადებით გავლენას ახდენს გუნდზე და უკეთეს ატმოსფეროს ქმნის", - თქვა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა (1:1), ხოლო კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.