ფეხბურთი

22:00 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო სპარინგი მოიგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე კვიპროსის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გუნდი მესამე წუთზე გავიდა წინ, გოლი კი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელიც ამჯერად ახალგაზრდულ ნაკრებშია მიწვეული. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ გოლს საგოლე პასიც დაუმატა და სხვაობა ორამდე საბა ხვადაგიანმა გაზარდა, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროფორუმის წინ კარგი განწყობა შეიქმნა და ბოლო ტესტ-მატჩი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, ჯგუფში პორტუგალიას (21 ივნისი), ბელგიას (24 ივნისი) და ნიდერლანდებს (27 ივნისი) დაუპირისპირდება.

საქართველოდან ჩემპიონატს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ.

საქართველო - კვიპროსი 2:0 (1:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო: კუტალაძე (ყალიჩავა 84), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, მოისწრაფიშილი (სიგუა 75), წიტაიშვილი (ჯინჯოლავა 84), ნ. გაგნიძე (ნონიკაშვილი 84), ლომინაძე (ო. მამაგეიშვილი 62), გულიაშვილი, გაგუა (ხორხელი 75)

გოლები: 1:0 წიტაიშვილი (3), 2:0 ხვადაგიანი (51)

0.127668