ფეხბურთი

16:01 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე არ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ინფორმაცია თვითონ ქართველმა ფეხბურთელმა დაადასტურა.

როგორც მან თქვა, მისთვის დიდი პატივია გაფართოებულ შემადგენლობაში ყოფნა, მაგრამ ხანგრძლივი სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში მსგავსი მაღალი რანგის ტურნირზე თამაში.

„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება. ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ პირველი ტურის მატჩს ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები ყველა შემთხვევაში გამოტოვებენ, რადგან 20 ივნისს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას ხვდება, ხოლო 21-წლამდელებს პორტუგალიელებთან თამაში 21 ივნისს ელოდებათ.

0.121544