საქართველოს ნაკრების და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იტალიურმა მედიამ „იუვენტუსს“ დაუკავშირა. მათ შორის იყო Tuttosport-ი, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ადგილობრივ გულშემატკივრებს გააცნო.
„რთულად წარმოსათქმელი სახელი, მაგრამ არა შეუძლებელი. თუმცა, კვარაცხელიასთან უკვე ვნახეთ, რომ გოლების, საგოლე პასების და კარგი თამაშის დახმარებით ეს ბარიერი მალევე წყდება. გიორგი მიქაუტაძე „ნაპოლის“ გარემარბის თანაგუნდელია საქართველოს ნაკრებში, თუმცა ის ლიონშია დაბადებული. მისი სახელი „იუვენტუსის“ დირექტორის, ჯოვანი მანას ბლოკნოტში მოხვდა. მოდი, გავარკვიოთ, რატომ:
მიქაუტაძე 2000 წელს დაბადებული თავდამსხმელია და „მეცში“ თამაშობს. ის გამოირჩეოდა ახლახან დასრულებულ სეზონში: 23 გოლით თავისი გუნდი ლიგა 1-ში გადაიყვანა და მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
„იუვენტუსი“ მას თვალს ადევნებს და „მილანიც“, რომელიც სანამ მენეჯმენტში ცვლილებებს მოახდენდა, მას აქტიურად აკვირდებოდა. ის ოდნავ ატიპიური თავდამსხმელია, მისი ფიზიკური და ტექნიკური თვისებების გამო: ის არის 1.76 სმ-ის სიმაღლის და უყვარს შეტევის კარიდან შორს დაწყება, ბურთით, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი ტექნიკა, რომელიც შერწყმულია სისწრაფესთან. მემარჯვენეა, მაგრამ მარცხენა ფეხითაც კარგად თამაშობს და ძლიერია დრიბლინგში, ასევე შეუძლია კლასიკურ პირველ თავდამსხმელთან ერთად თამაში. მწვრთნელი ლაშლო ბოლონო 4-2-3-1 სქემას როცა იყენებდა, ის მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, მაგრამ კარს ძალიან ხშირად უახლოვდებოდა, თავისი ტექნიკით და ძალიან კარგი დარტყმით.
ეროვნულ ნაკრებში მისი სტატისტიკა შეიძლება გაუმჯობესდეს: მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების მაისურით 14 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, მათ შორის რუმინეთთან, როცა ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა, 2021 წლის 2 ივნისს. ლიგა 1-ში დებიუტი 2019 წლის 7 დეკემბერს ჰქონდა, „ნიცა“ – „მეცის“ მატჩში. ლიგა 1-ში ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ითამაშა, 2021 წლის აგვისტოში „ლილის“ წინააღმდეგ. ის გამოცდილების მისაღებად ბელგიაში გაუშვეს, სადაც „სერანში“ მთავარი გმირი იყო და კლუბს უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში დაეხმარა 21 მატჩში 19 გოლით (პოკერი შეასრულა „ლომელთან“). „სერანში“ კიდევ ერთი წელი დარჩა, სადაც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 28 მატჩში 9 გოლი გაიტანა (პლუს ორი მატჩი და გოლი პლეი-აუტში).
Transfermakrt-ის მონაცემებით ამჟამად მისი ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენს. ღირებულება, რომელიც ლიგა 2-ში შესანიშნავი თამაშის წყალობით 6 თვეში გაორმაგდა. „მეცი“ მეორე ადგილზე გავიდა და 3 ქულით ჩამორჩა პირველადგილოსან „ლე ჰავრს“. თუმცა, ვიცით, რომ სატრანსფერო ბაზარზე მისი ფასი განსხვავებული იქნება და როგორც ჩანს, დაინტერესებული კლუბები არ აკლია“, - წერს Tuttosport-ი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ის 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ასევე ლიგა 2-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „მეცი“ ლიგა 1-ში გადავიდა, გიორგის კი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.